მემორანდუმი Wondernet Express Investment Group-სა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის

Wondernet Express Investment Group-სა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეების მიზანია აჭარის რეგიონში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მოსწავლეების ფიზიკური აღზრდისა და სასკოლო სპორტის განვითარება; სტუდენტებისა და ახალგაზრდების ცნობიერებაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, დამკვიდრება და განვითარება; ასევე, ისეთი ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოზარდების სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, Wondernet Express Investment Group-ი განახორციელებს პირველ კონტრიბუციას (შენატანს), რაც ფონდს დაეხმარება აჭარაში სასკოლო ლიგის ჩამოყალიბებასა და შექმნაში, ბათუმში პროექტის — „ჩვენი უბნის სტარტები“ — განხორციელებასა და სხვა სპორტული აქტივობების ჩატარებაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა — მამუკა მურჯიკნელმა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა — ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მერი — ბატონი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე — ბატონი ბადრი ნაკაშიძე.